ჟურნალი ნომერი 1 ∘ მარიამ ელოშვილი ნეოლითური ხანის არქიტექტურის საკითხები ქვემო ქართლის ერთი ძეგლის - გადაჭრილი გორის მიხედვითნეოლითური ხანა საქართველოს ტერიტორიაზე მეტად მრავალფეროვნად და მრავალრიცხოვანი ძეგლების სახით არის წარმოდგენილი. დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ამ პერიოდის ძეგლები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება. დასავლეთ საქართველოში ნეოლითი წარმოდგენილია როგორც ღია სადგომების, ასევე მღვიმეების სახით. აღმოსავლეთ საქართველოში ეს პერიოდი კარგად არის გამოვლენილი ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, სადაც ორი არქეოლოგიური კულტურა გამოიყოფა: შულავერ-შომუთეფეს ანუ ე.წ „ადრესამიწათმოქმედო კულტურა“ და წოფის ენეოლითური კულტურა.
აღსანიშნავია, რომ აღმოჩენიდან დღემდე შულავერ-შომუთეფეს კულტურა მიეკუთვნებოდა ხალკოლითურ ხანას, თუმცა მისი ასაკი ბოლო დროინდელმა არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ და რადიოკარბონულმა დათრიღებამ უკან გადასწია, დღეისათვის გადაჭრილი გორის პირველი ფენის თარიღი მოქცეულია ძვ.წ. 5920-5650 წლებს შორის. დღესდღეობით აღნიშნული კულტურა ნეოლითურ ხანას მიეკუთვნება. ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით ნათლად წარმოვადგინოთ ამ პერიოდის არქიტექტურის ძირითადი მახასიათებლები, ამ ხანის ერთ-ერთი ძეგლის, გადაჭრილი გორის ნამოსახლარის მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის ძეგლები მეტნაკლებადაა გამოვლენილი საქართველოს ტერიტორიაზე, მისი შესწავლის საკითხი მეტად საყურადღებო და საინტერესოა პრეისტორიული ხანის არქეოლოგიისთვის. დადგენას მოითხოვს ორივე რეგიონის ნეოლითის პერიოდიზაცია თანამედროვე სტანდარტების მიხედვით და ასევე მეტად მნიშვნელოვანია ამ პერიოდის არქიტექტურის გენეზისის საკითხის გარკვევა.
აღმოსავლეთ საქართველოში ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნასოფლარები სადღეისოდ ძირითადად ქვემო ქართლიდანაა ცნობილი, მარნეულის ველზე, მდ. მტკვრის შუა წელზე, მისი მარჯვენა შენაკადების ხრამისა და დებედას აუზებში. ამ პერიოდის ძეგლები უფრო აღმოსავლეთითაც ვრცელდებიან, დასავლეთ აზერბაიჯანში, მტკვრის მარჯვენა ნაპირას, მის შენაკად მდ. აღსტაფაჩაის აუზში.
მარნეულის ველზე ადრესამიწათმოქმედო ხანის ნამოსახლარები ცალკეულ ჯგუფებადაა განლაგებული და სადღეისოდ აქ, სულ ცოტა, ოთხი ჯგუფის გამოყოფა შეიძლება: შულავერის, არუხლოს, წითელი სოფლის და ხრამის დიდი გორის. თითოეული ჯგუფი რამდენიმე ხელოვნური ჯგუფისგან შედგება. შულავერის ჯგუფში ოთხი ბორცვი შედიოდა - შულავერის გორა, იმირის გორა, გადაჭრილი გორა და დანგრეული გორა. ძირითად ბორცვზე, შულავერის გორაზე ცხოვრება უნდა ჩასახულიყო. მარნეულის ველის პირველი ათვისების ხანაში. შემდეგში, მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებით, ეს სოფლები ნამატს ვეღარიტევდნენ და ამიტომ მოსახლეობის ნაწილი იძულებულია ახალ ადგილზე გადავიდეს. ძველი სოფლის მახლობლად ჩნდება ახალი სოფლები. ქვემო ქართლში, ამ ადრეულ ხანაში, როგორც ჩანს, ამგვარი სეგმენტაცია რამდენჯერმე უნდა მომხდარიყო. შულავერის ჯგუფში, ცენტრალური შულავერის ბორცვიდან იმირის გორა 2.200 მ. დაცილებული, დანგრეული გორა - 1.100 მ. და გადაჭრილი გორა - 1.700 მ. სულ ამ ჯგუფის ძეგლებს დაახლოებით 500 ჰექტარი ფართობი ეკავა. (ტაბ.1)
ადრესამიწათმოქმედო ხანის ძეგლების სისტემატიური კვლევა აღმოსავლეთ საქართველოში 60-იანიწლების შუა ხანებში დაიწყო.
1964 წ. მიწის სამუშაოების შედეგად ქვემო შულავერში მთლიანად განადგურდა ერთი ძეგლი („დანგრეული გორა“) და ძლიერ დაზიანდა მეორე ნამოსახლარი ბორცვი - შულავერის გორა. ამის შესახებ ცნობა მოვიდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, რის შემდეგაც 1965 წ. დაიწყო შულავერის გორის გათხრა. პარალელურად შესწავლილ იქნა „დანგრეული გორა“. დაზვერვის შედეგად იმავე მიკრორაიონში გამოვლინდა რამდენიმე ნამოსახლარი ბორცვი, რომელთაგან იმირის გორაზე 1966 წლიდან დაიწყო ფართო მასშტაბის გათხრები, ხოლო „გადაჭრილ გორაზე“ მხოლოდ დაზვერვითი სამუშაოები განხორციელდა.
1966 წლიდან ითხრება არუხლოს გორა (არუხლოI „ნახიდური“) ბოლნისის რაიონში. 1972 წელს კი დაიწყო ხრამის დიდი გორის გათხრა (მარნეულის რ-ნი, სოფ. ყაჩაღანისა და თაქალთოს შორის).
ნამოსახლარი „გადაჭრილი გორა“ მდებარეობს მარნეულის რაიონის სოფ. იმირის სამხრეთ აღმოსავლეთით დაახლოებით 1.5 კმ. მანძილზე (კოორდინატები: 41023’26.09“ N; 44 049’ 14.97” E; ზ.დ. _ 360-370 მ.) მას შუაზე კვეთს მდინარე შულავერის ღელე, რომელსაც წყალდიდობის გამო ფართო კანიონი აქვს გაჭრილი (7-8 მ. სიღრმისა და 30-40 მ. სიგანის), ამის გამო ნამოსახლარის ცენტრალური ნაწილი ფაქტობრივად მთლიანად არის განადგურებული.
„გადაჭრილი გორა“, სხვა ადრესამიწათოქმედო კულტურის მატარებელ ძეგლებთან ერთად, 1960-იანი წლების დასაწყისში არის აღმოჩენილი ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ალ. ჯავახიშვილისა და ო. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ამ ძეგლზე მხოლოდ დაზვერვითი სამუშაოები იქნა ჩატარებული ექსპედიციის მიერ.
ძეგლზე არქეოლოგიური გათხრების წარმოება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მარნეულის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2006 წლიდან დაიწყო და სამუშაოები 2007 წელსაც გაგრძელდა, თუმცა ამ წლებში მცირე მასშტაბის გათხრები მიმდინარეობდა. 2012 წლიდან ძეგლზე არქეოლოგიური კვლევა ისევ განახლდა. აღსანიშნავია რომ 2012 - 2013 წლებში ძეგლს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრი (CNRS) სწავლობდა.
დღეისათვის ძეგლზე გახსნილია 5 სექტორი. 1; 2; 3 სექტორები დროებით დაიხურა და ექსპედიცია 4; 5 სექტორების შესწავლას აგრძელებს. 4 და 5 სექტორები განლაგებულია ბორცვის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. ეს სწორედ ის ნაწილია სადაც მდინარისგან ჩამოჭრილ ბორცვზე კარგად ჩანს სტრატიგრაფია.
როგორც ზემოთ ითქვა, გადაჭრილი გორა ნახევრად დანგრეული, მდინარის მიერ შუაზე გადაჭრილი ნამოსახლარია. მდინარის მარჯვენა მხარეს დარჩენილია მისი დაახლოებით 1/3 ნაწილი. როგორც ჩანს, ხელოვნური ბორცვის თავდაპირველი დიამეტრი 60 მეტრამდე აღწევდა, სიმაღლე - დაახლოებით 5 მეტრს. ამჟამად შემორჩენილია მდინარის მიერ გავლებული ბუნებრივი სტრატიგრაფიული ჭრილი 40 მეტრამდე სიგრძისა და 3 – 3,9 მეტრი სისქის კულტურული ფენა. (ტაბ.2)
ძეგლზე, გათხრილი ფართობის მიხედვით, გამოიყოფა ორი კულტურული ფენა - I და II. ამ ორ ფენას გამოყოფს მდინარეული დანალექი, მომწვანო ფერის სტერილური თიხნარი ფენა (დაახ. 15 სმ.).
ორივე ფენაში კარგად არის გამოვლენილი ამ კულტურისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა, რაც წარმოდგენილია წრიული ან ელიფსური მოყვანილობის შენობებით (ტაბ.4). ძირითად სამშენებლო მასალას წარმოადგენდა თიხა- ალუვიური, წვრილმარცვლოვანი, ღია მონაცრისფრო-მოყვითალო ფერის, რომელიც იქვე ახლოს მოიპოვებოდა. მზადდებოდა ალიზ-აგურები, რომელსაც ძირი და გვერდითი ნაწილები გაბრტყელებული ჰქონდა, ხოლო ზედა მხარე-ამოზურგული. აგურები სხვადასხვა ზომისაა, უფრო ხშირად საშუალო ზომის 30X20X8; 30X15X8; 25X15X7 სმ. ზოგჯერ გვხვდება სიგრძით 45 ან 50 სმ, სიგანით კი 20-25 სმ. აგურები გამოუწვავია და მხოლოდ მზეზეა გამომშრალი.
კედლების წყობა ჰორიზონტალურია, ნაგებია ცალპირად. ყველა ნაგებობა, როგორც ითქვა, მრგვალი ან ელიფსური ფორმისაა. კედლებს საძირკველი არ გააჩნიათ და ისინი პირდაპირ დედაქანზე ან მიწის ზედაპირზეა ამოყვანილი. თუ შენობა უფრო ადრინდელი ნაგებობის ადგილასაა აღმართული, მაშინ ნანგრევები გულდასმითაა თიხით გადალესილი და შექმნილია თიხატკეპნილი მოედანი. სულ ქვედა რიგში კედელს ერტყმის თიხატკეპნილი სარტყელი.
ნაგებობის სიდიდე მისი ფუნქციით განისაზღვრებოდა: დიდი ( 2,5-დან 5 მ-მდე დიამეტრისა.) სათავსო საცხოვრებელს წარმოადგენდა, საშუალო ზომისა ( 1.5-2 მ ) სამეურნეო „საკუჭნაოს“ დანიშნულებას ასრულებდა, მცირე ( 0.5-0.75 მ )საკვების შესანახ „ორმოდ“ ითვლებოდა. გადაჭრილ გორაძე აღმოჩენილია პატარა კვერცხისებრი თიხის ორმოები (ტაბ.5), რომელიც სავარაუდოდ წყლის რეზერვუარისთვის გამოიყენებოდა, მსგავსი რეზერვუარები დადასტურებულია შულავერის გორაზეც.
გადაჭრილ გორაზე გამოვლინდა ამ კულტურისთვის დამახასიათებელი როგორც დიდი შენობები (დიამეტრი მერყეობს 5-6 მ. შორის), ისე პატარა „სათავსოები“. „სათავსოების“ უმეტესობა წარმოდგენილია 1 თხრილში (ჩრდილო-აღმოსავლეთით). ხოლო საცხოვრებელი შენობები კი დანარჩენ სექტორებში.
აღსანიშნავია რომ ალიზ-აგური მეტად არამდგრადი სამშენებლო მასალაა და ის სწრაფად ნადგურდება ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად. სწორედ ამიტომ ამ პერიოდის ძეგლებზე გამოვლენილი არქიტექტურის უმეტესობა არ აღემატება სიმაღლეში 1 მ. სწორედ კიდევ ერთი ნიუანსი რაზეც ყურადღებაა გასამახვილებელი ამ ძეგლზე, აქ გაითხარა 2 მ. სიმაღლის ალიზ-აგურით ნაშენი კედელი, რომელიც მხოლოდ ნახევარი იყო შემორჩენილი, მისი დიამეტრი დაახლოებით 3.2 მეტრია. ეს შენობა ნახევრად მიწურია, დაახლოებით 0.5 – 0.6 მ. გრუნტშია ჩაჭრილი, შემდეგ კი აგურით არის ნაშენები. კედელი ბოლოში თხელდება და ოდნავ ვიწროვდება (ტაბ.4). ამ კედლის მსგავსი აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, გარღალართეფესზე, რომელიც შომუთეფეს კულტურის ერთ-ერთი მძლავრი ნამოსახლარია, სამწუხაროდ ის ძლიერ დაზიანდა სასოფლო-სამიწათმოქმედო სამუშაოების დროს. თუმცა გათხრილ ფართობზე აღმოჩნდა ადრესამიწათმოქმედო კულტურისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა. სწორედ აქ გამოვლინდა წრიული ნაგებობის შერჩენილი კედელი, რომელიც სიმაღლეში 2.10 მეტრია.
კედლები ალიზ-აგურით შემდეგნაირადაა ამოყვანილი: კედლის წყობის ახალი რიგი 2-3 სმ-ით წინაა წაწეული. ისე, რომ შიდა სივრცე თნდათნობით მცირდებოდა და იქმნებოდა „გუმბათოვანი“ გადახურვა. თუმცა ბოლო დროის არქეოლოგიური კვლევების საფუძველზე ფიქრობენ, რომ ის პრიმიტიული ტექნიკური შესაძლებლობები საშუალებას არ იძლეოდა მსგავსი არქიტექტურის ასაშენებლად და ამიტომ მიჩნეულია რომ კედლები ამოჰყავდათ გარკვეულ სიმაღლემდე და შემდეგ ხურავდნენ ჩალით.
აღსანიშნავია, რომ ძეგლის გრუნტამდე შესწავლის შემდეგ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ ზემოთ ხსენებული ორი ფენა ( I და II ) ერთმანეთისგან განსხვავდება. II ფენაში, რომელიც I ქვევით მდებარეობს, გამოვლინდა ნახევრადმიწური შენობები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ გადაჭრილი გორის ნამოსახლარი ნეოლითური ხანის ადრეულ ეტაპს განეკუთვნება, ხოლო I ფენაში კი შენობების ამოყვანა უკვე მოსწორებული ზედაპირიდან იწყება. ნამოსახლარზე ალიზ-აგურთან ერთად დაფიქსირდა ე.წ “Bauge” ტექნიკა, რომელიც ამიერკავკასიში ამ პერიოდში არ გვხვდება. აღნიშნული ტექნიკა არის ტალახისა და ნამჯის ნარევი მასა, რომლითაც კედლებია ამოყვანილი. (ტაბ.5)
ამდენად, გადაჭრილი გორის ნამოსახლარის არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ უფრო მეტი სინათლე და დეტალიზაცია შეიტანა ნეოლითური ხანის არქიტექტურის პრობლემატიკის გარკვევაში.
გამოყენებული ლიტერატურა:
კიღურაძე თ. 1976. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის პერიოდიზაცია. თბილისი
ლორთქიფანიძე ო. 2002. ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან. თბილისი
ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1971 წწ.). 1975. თბილისი
ჯალაბაძე მ. და სხვა. გადაჭრილ გორაზე 2006 – 2007 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიშები
ჯალაბაძე მ. მარნეულის არქეოლოგიური ექსპედიციის 2014 წლის აპრილში ჩატარებული
სამუშაოების ანგარიში
ჯაფარიძე ო. 1991. საქართველოს არქეოლოგია. თბილისი
Hamon,C.,etal.,Gadachrili Gora: Architecture and organisation of a Neolithic settlement in the
Middle Kura Valley (6th millennium B.C Georgia), Quaternary International (2015)
ტაბულების აღწერილობა:
ტაბ. 1 - რუკა.
ტაბ. 2 - ბუნებრივი სტრატიგრაფიული ჭრილი.
ტაბ. 3- წრიული შენობები (№1 სექტორი).
ტაბ. 4 – „კვერცხისებური“ წყლის რეზერვუარები.
ტაბ. 4 – 2 მ. სიმაღლის ალიზ-აგურის შენობა. (№5 სექტორი)
ტაბ. 5 - ე.წ „Bauge” ტექნიკა.
ტაბ. 6 - გადანგრეული შენობის კვალი ( №3 სექტორი)
ტაბ. 1
ტაბ. 2
ტაბ. 3
ტაბ. 4
ტაბ. 5
ტაბ. 6